X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

13 ივნისი 2019

ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ გაიმართა. ღონისძიების  მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში. 

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.

,,ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი ტიპის ფორუმები ჩატარდა კახეთში, რაჭაში, იმერეთში. თითოეულმა ამ ფორუმმა  რეგიონებს მოუტანა საინტერესო ახალი კავშირები, მუნიციპალიტეტებმა ახალი ინვესტორების მეტი ყურადღება მიიქციეს, უფრო მარტივი გახდა მათთან იმ პოტენციალზე საუბარი, რაც გააჩნია თითოეულ რეგიონს“-აღნიშნა მან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობენ  ასევე, საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და "მერების ეკონომიკური ზრდისთვის" სამდივნო. 

ფორუმი დაფუძნდა მიმდინარე წელს და გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის. 

მიმიდნარე წელს ფორუმი მიეძღვნება ადგილობრივ-ეკონომიკურ განვითარებას დაფუძნებულს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე. 

ფორუმზე  განხილული იქნება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება დაფუძნებული თანამშრომლობაზე, სწორ მარკეტინგზე, გენდერულ თანასწორობაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ახალ შესაძლებლობებზე. 

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, გაეცნონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს, ეწვიონ მთავარ ტურისტულ ატრაქციებს და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. 

ფორუმის მეორე დღე, 14 ივნისი, სიტყვით გამოსვლებსა და დისკუსიას დაეთმობა,  გაიმართება ადგილობრივი ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და სხვა სახის ღონისძიებები.